Georgia / საქართველო

საქართველოს ციფრული მკვიდრი მედიაგარემო ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს პატარა გუნდების მიერ ისეთი მასალისა თუ ფორმატების შექმნას, რაც ძირითად მედიაში არ გვხვდება. ციფრული მედიასაშუალებების უმრავლესობისთვის „ფეისბუქი“ ჯერ კიდევ ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი და კონტენტის გასაზიარებელი პლატფორმაა. ციფრულ სივრცეში გამოჩნდა მეტი დამოუკიდებელი ახალი ამბების საშუალება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც, ტრადიციულად, ინფორმაციას თავიანთი მონათესავე ქვეყნების ეროვნული მედიიდან იღებდნენ, რაც ზოგჯერ მათ მიზანმიმართული დეზინფორმაციის წინაშე აყენებდა. 

ზოგადი ინფორმაცია

მედია ორგანიზაცია ცნობარში
17
ორგანიზაციის ტიპი
  • კომერციული: 62,5%
  • არაკომერციული: 25,0%
  • ჰიბრიდული: 6,3%
  • დაურეგისტრირებელი: 6,3%
დამფუძნებელთა სქესი
  • მდედრობითი: 68,9%
  • მამრობითი: 31,1%
გაშუქების ტიპი
  • ჰიპერადგილობრივი: 0
  • საერთაშორისო: 13
  • ადგილობრივი: 4
  • ეროვნული: 7
  • რეგიონული: 1

მიუხედავად იმისა, რასაც ბევრი „მედიის გადაშენების მოვლენას“ უწოდებს გამოწვეულს პანდემიით, ეკონომიკური არასტაბილურობით, დეზინფორმაციითა და ომით – ბოლო პერიოდში უამრავი ახალი დამოუკიდებელი მედიასაშუალება გაჩნდა. 

მაშინ როცა, ბოლო ათწლეულის მანძილზე, ტრადიციული ახალი ამბების სააგენტოები თანამშრომელთა რაოდენობას მუდმივად ამცირებენ, ციფრული მკვიდრი მედია* მთელ ევროპაში ყვავის, ავსებს იმ სიცარიელეს, სადაც მანამდე ინფორმაციული უდაბნო იყო, იზიდავს იმედგაცრუებულ აუდიტორიას და პოულობს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარების ახალ გზებს.

ჩვენი ძირითადი მიგნებები:

  • ისინი იყენებენ სოციალურ მედიას, რათა მისწვდნენ  ახალგაზრდა აუდიტორიას; აგზავნიან ახალ ამბებს „ტელეგრამის“ საშუალებით, რათა თავიდან აირიდონ ცენზურა და ატრენინგებენ მოქალაქე ჟურნალისტებს, რათა მოემსახურონ ყურადღების მიღმა დარჩენილ აუდიტორიას.
  • 85%-ზე მეტმა თქვა, რომ, ძირითადად, საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებს აშუქებენ, რაც მოიცავს მიგრაციასთან,  ლტოლვილებთან, გენდერთან და ფემინიზმთან დაკავშირებულ თემებსაც. 
  • მათგან 50%-ზე მეტი რესურსებს უთმობს საგამოძიებო ჟურნალისტიკას და ბევრიც აყალიბებს ალიანსებს საზღვრებს მიღმა ამბების გასაშუქებლად.
  • ამ ანგარიშში წარმოდგენილი მედია დამფუძნებლების 58%-ზე მეტი ქალია. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვებთან და უმეტესობას ჰყავს ორი ან მეტი თანადამფუძნებელი.
  • მედიასაშუალებებმა, რომლებიც დაარსებულია ისეთი გუნდების მიერ, სადაც კაცებიც და ქალებიც არიან, ყველაზე მაღალი შემოსავალი აჩვენეს, საშუალოდ 509 740 ევრო წელიწადში.
  • ისინი, ვინც ბიზნესის განვითარებაში დებენ ინვესტიციას, უფრო სტაბილურ ორგანიზაციებს ქმნიან. მედიასაშუალებებს, რომლებსაც ჰყავთ შემოსავლების გენერირებაზე ფოკუსირებული სულ მცირე ერთი თანამშრომელი მაინც, საშუალო წლიური შემოსავალი ექვსჯერ მეტი ჰქონდათ მათთან შედარებით, ვისაც არ ჰყავდა თანამშრომლები მსგავსი როლისთვის: 598 539 ევრო 95 629 ევროსთან შედარებით.
  • ამ კვლევაში წარმოდგენილი მედიასაშუალებების ნახევარზე მეტი არაკომერციული ორგანიზაციაა; კომერციულ საწარმოთაგანაც ბევრი ჟურნალისტიკაზე უფრო მეტადაა ორიენტირებული, ვიდრე მოგების ნახვაზე.
  • არაკომერციული მედიასაშუალებებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროებია გრანტები, ინდივიდუალური შემოწირულობები და წევრობის გადასახადი (ამ თანმიმდევრობით). კომერციული მედიასაშუალებებისთვის კი მთავარი წყაროებია: რეკლამა, ვებსაიტების გამოწერა და გრანტები.
  • შემოსავლების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, თუმცა შემოსავლების მრავალი წყარო სულაც არ გულისხმობს უფრო დიდ წარმატებას. როგორც აღმოჩნდა, შემოსავლებისთვისს ორიდან ექვს წყარომდე განვითარება ოპტიმალურია სტაბილურობისა და დამოუკიდებლობისთვის.
  • მკვიდრი ციფრული მედიასაშუალებები მრავალფეროვანია, დაწყებული მოხალისეების მიერ დაფუძნებული სტარტაპიდან, რომელიც ადგილობრივ თემს ემსახურება, დამთავრებული მაღალშემოსავლიანი მულტიპლატფორმული მედიით, რომელიც ყოველთვიურად მილიონობით მნახველს იზიდავს და ყოველწლიურად მილიონობით ევროს გამოიმუშავებს.  
  • მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში წარმოდგენილი რამდენიმე მედიასაშუალება 20 წელზე მეტი ხნის არის, ნახევარზე მეტმა ბოლო ათწლეულში დაიწყო საქმიანობა. უმეტესობა კი 2016 წელს დაარსდა.

სტაბილურობა რთულია და არ არსებობს წარმატების მარტივი რეცეპტი. თუმცა, ბევრი ლიდერი, ვისაც გავესაუბრეთ, ამტკიცებს, რომ შესაძლებელია მხარდაჭერის პოვნა, რომელიც საჭიროა აუდიტორიის სამსახურში ყოფნისთვის. 

„არავითარი ოლიგარქები, არავითარი გამოწერა. მხოლოდ თქვენი შემოწირულობები და ჩვენი შრომა“, — ეს არის 2009 წელს დაარსებული ჩეხური ციფრული მედიასაშუალების, Deník Referendum-ის სლოგანი. მთავარმა რედაქტორმა იაკუბ პატოჩკამ გვიამბო თავისი მეთოდის შესახებ: „მკითხველები, რომლებსაც სურთ დისკუსიაში შესვლა [კომენტარების განყოფილებაში] ჩვენი სტატიების ქვეშ, იხდიან საფასურს. ეს მიდგომა გვაძლევს მოკრძალებულ შემოსავალს და, ასევე, ხელს უწყობს დისკუსიის კულტურის განვითარებას“.

წევრების კონტრიბუციების მეშვეობით დაფინანსებული მედიაკოოპერატივები ჩვენს ცნობარში წარმოდგენილ პუბლიკაციებს შორის საინტერესო მოდელია. დიდ ბრიტანეთში The Bristol Cable-ის კოოპერატივის წევრები, ასევე, არიან „დემოკრატიული აქციონერები“, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დაესწრონ ორგანიზაციის ყოველწლიურ საერთო შეკრებებს, ხმა მისცენ სარედაქციო კამპანიებს და მონაწილეობა მიიღონ არააღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს არჩევნებში.

მედიასაწარმოების უმეტესობა, რომლებიც ჩვენს ცნობარშია წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერაა დაფუძნებული, ხშირად შეზღუდული რესურსებითა და ბიზნესგამოცდილებით, მაგრამ მიუხედავად ამ (და მრავალი სხვა) გამოწვევისა, ბევრმა აღნიშნა, რომ ისინი მომავალ წლებში ზრდას ელოდებიან.

ზოგიერთი მათგანი კარგად ნაცნობი იქნება იმ მკითხველებისთვის, რომლებიც მედიის სფეროში მუშაობენ, თუმცა გვჯერა, რომ თქვენ აღმოაჩენთ რამდენიმე სიურპრიზს იმ მრავალ შთამაგონებელ მაგალითს შორის, რომლებიც ევროპაში ვიპოვეთ. ამით ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ Project Oasis-ის ეს პირველი ვერსია  მოიცავს ყველა მედიასაშუალებას, რომელიც ჩვენს ევროპულ ცნობარში უნდა იყოს შეტანილი.

ამ კვლევის მრავალი დასკვნა შესაბამისობაში მოდის ჩვენს წინა კვლევით პროექტებთან. უფრო ფართო კონტექსტისა და შედარებისთვის, თითოეულ ძირითად მიგნებას კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით წინამდებარე ანგარიშში. 

ეს კვლევითი პროექტი ჩატარდა იმ მეთოდოლოგიის გამოყენებით, რაც SembraMedia-მ შეიმუშავა, როდესაც 2015 წელს დავიწყეთ მსგავსი ტიპის მედიასაშუალებების ძებნა ლათინური ამერიკის, ესპანეთისა და შეერთებული შტატების ლათინურ-ამერიკულ თემებში. Project Oasis 2022 წელს დაიწყო და მასზე 60-ზე მეტმა ადამიანმა იმუშავა, მათ შორისაა 34 ადგილობრივი მკვლევარი, რომლებმაც მოიძიეს მედიასაშუალებები, 30-ზე მეტ ენაზე ჩაატარეს ინტერვიუები და გააანალიზეს შედეგები.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს ანგარიში და მედიაცნობარი არ წარმოადგენს ევროპაში ყველა დამოუკიდებელი ციფრული მედიის ამომწურავ ჩამონათვალს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია მიმდინარე კვლევითი პროექტისა, რომლის შემდგომ განვითარებასაც ვგეგმავთ.

ჩვენ შთაგონებულები ვართ მედიალიდერების ინოვაციებით, მონდომებით, გამბედაობითა და, ხშირ შემთხვევაში, პრესტიჟული ჯილდოების მქონე ჟურნალისტიკით და იმით, რომ მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მათ იპოვეს დრო ჩვენს მკვლევრებთან სასაუბროდ.

როგორც წინა კვლევითი პროექტებიდან ვისწავლეთ,  Project Oasis-ის ცნობარში შეყვანილი მედიასაშუალებების წარმოჩენა შეიძლება დაეხმაროს მათ ლიდერებს ცოდნის გაზიარებაში, პარტნიორობების დაწყებასა და მეტი ცნობადობისა თუ აღიარების მოპოვებაში იმ ორგანიზაციებისგან, ვისაც შეუძლიათ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და დამსახურებული მხარდაჭერის აღმოჩენა, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.

ამ ანგარიშსა და თანმხლებ Project Oasis-ის მედიაცნობარში  ფრაზა „ციფრული მკვიდრი მედია“ აღნიშნავს ისეთ ინიციატივას, რომელიც დაიწყო ონლაინ და დღემდე თავის მასალებს ექსკლუზიურად ან უმეტესწილად ინტერნეტში აქვეყნებს.

* ციფრული მკვიდრი მედია – ისეთი მედია, რომელიც დაიწყო ონლაინ და კონტენტს სრულად (ან დიდწილად) ციფრულ ფორმატში აქვეყნებს. 

პრესის თავისუფლება

„საქართველოში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს ძირს უთხრის ხელისუფლების ჩარევა; ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ხშირია, მათ შორის, ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში“, ვკითხულობთ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ პრესის თავისუფლების ინდექსის ანგარიშში. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში 2021 წელს ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა.

„2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს 50-მდე ჟურნალისტის ლინჩის წესით გასამართლებამ, რასაც გულგრილად ადევნებდა თვალს საპოლიციო ძალები, თვალსაჩინო გახადა უპრეცედენტო უკუსვლა. ამ მოვლენის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და წინსვლის ნაკლებობა კი მოწმობს ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობას“, ნათქვამია ანგარიშში.

2023 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც ზღუდავს ან, მეტიც, საფრთხეს უქმნის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. დედაქალაქ თბილისის ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია და განაცხადა, რომ ზემოხსენებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი.

ბაზრის სტრუქტურა და დომინანტობა 

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ განცხადებით, საქართველოში „მედიაგარემო მრავალფეროვანი და, იმავდროულად, უკიდურესად პოლიტიკურად პოლარიზებულია. ტელევიზია ინფორმაციის მთავარია წყაროა. მედიამფლობელები ხშირად ინარჩუნებენ კონტროლს სარედაქციო მასალებზე. მაგალითად, ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“  სარედაქციო ხაზი მას შემდეგ შეცვალა, რაც იგი ყოფილ მეპატრონეს დაუბრუნდა. რეგიონული და სათემო რადიოსადგურები ძლიერდებიან, ბეჭდური მედიის მკითხველი იკლებს, ხოლო ონლაინ საინფორმაციო გამოშვებების აუდიტორია იზრდება.“

მიუხედავად იმისა, რომ მედიასაც და მოქალაქეებსაც ერთნაირად შეუძლიათ ფაქტებისა და მოსაზრებების თავისუფლად გაზიარება, მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიის დიდ ნაწილსა და საზოგადოებრივ აზრზე. „პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები გავლენას ახდენენ ნაციონალურ ტელეარხებზე, სოციალური ქსელების გვერდებსა და ჯგუფებზე, ისევე როგორც ინფლუენსერებზე“, – აღნიშნავს „ინტერნიუსი“ ქვეყნის ეკოსისტემის ბოლოდროინდელ შეფასებაში.

როგორ ფინანსდება მედია

თუმცა, 2021 წელს მედიაორგანიზაციები ფინანსური შემოსავლების მკვეთრი ვარდნის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, აღნიშნავს საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) თავის 2022 წლის ანგარიშში ქართული მედიის შესახებ. ამ ფაქტორებს შორისაა აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რამაც ფაქტობრივად შეზღუდა სათამაშო კომპანიების მიერ ქართულ ტელევიზიებში რეკლამის განთავსება; ასევე, პანდემიის დროს ბიზნესმა შეამცირა რეკლამაზე დანახარჯები; ამასთანავე, როგორც ბევრი მედიასაშუალება იუწყება, მთავრობა პირდაპირ ან ირიბად ემუქრება ბიზნესმენებს, რომ არ განათავსონ რეკლამები კრიტიკულ მედიასაშუალებებში, ნათქვამია ანგარიშში.

მეორე მხრივ, „დონორები, ტრადიციულად, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს მედიასექტორში”, აღნიშნულია Media Influence Matrix-ის ანგარიშში საქართველოში მედიის გავლენის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მედიის, მონაცემებისა და საზოგადოებრივი ცენტრის მიერ. „მიუხედავად იმისა, რომ დონორების მიერ გაცემული ფონდების მოცულობა ახლოსაც ვერ მივა მთავრობის ან კომერციული რეკლამის განმთავსებლების მიერ მედიაში ჩადებულ დაფინანსებასთან, ის უფრო დიდია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში და, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი უთამაშია მედიაკომპანიების ფუნქციონირებაში,” ნათქვამია ანგარიშში. ციფრული მედიასაშუალებების უმრავლესობისთვის დონორთა გრანტები დღემდე მათი დაფინანსების მთავარ, თუ არა ერთადერთ, წყაროდ რჩება.

ცნობარში შესულია ჩვიდმეტი ციფრული მკვიდრი მედიაორგანიზაციის პროფილი. მათგან დაახლოებით მესამედი დაარსებულია ტრადიციული მედიიდან წამოსული ჯგუფების მიერ, რომელთა მიზანიც იმ სიცარიელის შევსება იყო, რაც მათ ტელევიზიაში, რადიოსა თუ ბეჭდური მედიის სექტორში შეამჩნიეს. ამ ჯგუფებმა თავიანთი ჟურნალისტური გამოცდილება და ენთუზიაზმი მოახმარეს ახალი ციფრული ფორმატების აღმოჩენასა და ექსპერიმენტებს, ან ისეთი თემების გაშუქებას, რაც არ გვხვდებოდა მასობრივ მედისაშუალებებში. მათ მიერ ქართულ მედიასივრცეში შემოტანილი ზოგიერთი სიახლე მოგვიანებით მასობრივ მედიასაშუალებებშიც დაინერგა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნაში მედიის ინდუსტრიის ზოგად განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ციფრული მედიასაშუალებების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული პლატფორმა ჯერ კიდევ „ფეისბუქია“, მათ, ასევე, დაიწყეს ექსპერიმენტები სხვადასხვა პლატფორმაზე, როგორიცაა „ტელეგრამი“ (ძირითადად, კონკრეტული მოვლენების გასაშუქებლად, მაგ. რუსეთის შეჭრა  უკრაინაში), „ნიუსლეთერები“ ექსკლუზიური შინაარსით, ერთჯერადი ხასიათის ბეჭდური მედიაპროექტები და ა.შ. თუმცა, ზოგადად, არცერთი ეს პლატფორმა –  „ფეისბუქის“ გარდა – ჯერ კიდევ არ გამოიყენება ფართოდ ქართული ციფრული მედიასაშუალებების მიერ.

საქართველოში ციფრული მედიის გამოცემები კვლავ მეტწილად დონორთა დაფინანსებაზეა დამოკიდებული. თუმცა, არსებობს გამონაკლისები –  ორგანიზაციები, რომლებიც შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ საქართველოში დამოუკიდებელი, ფინანსურად სტაბილური კომერციული მედიასაშუალების პრეცედენტი შეექმნათ. ასეთებია On.ge და Project 64. მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო ბაზარი ძალიან პატარაა და, ძირითადად, ტელევიზიების მიერაა ათვისებული, ციფრული მედიაორგანიზაციებისთვის, რომელთაც გუნდში მაღალი ხარისხის ვიზუალურ კონტენტზე მომუშავე კადრები ჰყავთ, მაგალითად, Movement, ForSet ან Project 64, სერვისებიდან შემოსავლები დონორების დაფინანსების ძლიერი ალტერნატივა გახდა. 

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ სცადა „ქრაუდფანდინგითა“ და ინდივიდუალური შემოწირულობებით დაფინანსების მოძიება, თუმცა მცდელობები დიდად წარმატებული არ გამოდგა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა ოთხ მილიონზე ნაკლებია, მათგან დაახლოებით მეხუთედი კი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

მედიალიდერების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ისინი თავიანთი შემოსავლის წყაროების დივერსიფიცირებას ცდილობენ. ამ პროცესში გამოვლენილი ერთერთი დაბრკოლება ისაა, რომ მედიალიდერების აბსოლუტური უმრავლესობა ჟურნალისტური სფეროდან მოდის და ბიზნესთან დაკავშირებული გამოცდილება არ აქვს. “მე მედიის წარმომადგენელი ვარ და ბევრი რამ ვიცი მულტიმედიური მასალის შექმნაზე, მაგრამ როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, ჩემი გამოცდილება ნულის ტოლია,” აცხადებს გიორგი გოგუა, ექსპერიმენტული მედია კონტენტის შექმნის პლატფორმა Project 64-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. იმისათვის, რომ ეს გამოწვევები გადალახოს და ფინანსურად მდგრადი სანიმუშო მედიაორგანიზაცია შექმნას საქართველოში, გოგუა, გარე კონსულტანტების დახმარებით, ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებასა და თავისი მედიაორგანიზაციისთვის სერვისების განვითარებაზე მუშაობს.

ციფრულმა მედიასაშუალებებმა, ასევე, დაინახეს  ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის ორიგინალური მასალის შექმნის აუცილებლობა მათ მშობლიურ ენებზე, რათა შემცირდეს მათი დამოკიდებულება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საინფორმაციო წყაროებზე და გაიზარდოს მედეგობა უცხოური საინფორმაციო წყაროების მიმართ. მრავალენოვანი მასალის შექმნისა და გავრცელების მიზნით, ჩამოყალიბდა პარტნიორობა სხვადასხვა მედიასაშუალებას შორის ერთმანეთის მასალის ადაპტირების, თარგმნისა და გამოქვეყნების მიზნით. მაგალითად, OC Media თანამშრომლობს ექვს მედიასაშუალებასთან თავისი ინგლისური მასალის ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე თარგმნისა და ხელახლა გამოქვეყნების მიზნით, ხოლო „ჯემნიუსი“ ჩართულია „რუსულენოვანი ახალი ამბების გაცვლის ინიციატივაში“ და თავისი ხუთენოვანი ვებსაიტისთვის კონტენტს ცვლის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დამოუკიდებელ ახალი ამბების სააგენტოებთან.

ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სამეწარმეო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა მცირე სარეკლამო ბაზრისა და დონორებზე დამოკიდებულების პრობლემების პოტენციური გადაწყვეტაა. ამ მხარდაჭერამ შეიძლება მიიღოს მედია ინკუბატორების, მედიის ლიდერებისთვის გრძელვადიანი მენტორული პროგრამების სახე, რომლებიც, სხვა ინიციატივებთან ერთად, მათ ხელმისაწვდომ კონსულტაციებსაც შესთავაზებენ. 

.
ბოლო განახლება: მარტი, 2023 წელი
სტატისტიკის წყაროები: პრესის თავისუფლების სტატისტიკა, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, პრესის თავისუფლების ინდექსი 2022

ინტერნეტის შეღწევადობის სტატისიკა, Internet World Stats